logo
ENG



"ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია, ტყუილია" - გომელაური გოგაშვილის ბრალდებებს უარყოფს

19 აგვ 202213:37
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი უფროსის სოსო გოგაშვილის ბრალდებები "აბსურდი და ტყუილია".

გომელაურის თქმით, სოსო გოგაშვილის დაკავების შემდეგ, მათ შორის კომუნიკაცია საერთოდ არ შემდგარა.

"ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია, ტყუილია, არანაირი კავშირი არ შემდგარა. მეორეც, ვინც მე მიცნობს პირადად, მითუმეტეს, ოჯახი ჩემთვის, არამარტო ჩემი ოჯახი, ჩემი ნაცნობების, თუნდაც მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ და ჩემგან ასეთი რაღაც არასდროს არ წასულა, არავის მიმართ, რომ ოჯახის ამოწყვეტით და ა.შ. ეს ვერ მოხდებოდა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის სრული აბსურდი", - ამბობს გომელაური.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით. სამივე საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს. 

გოგაშვილს პატიმრობა შეუფარდა. ციხეში ყოფნისას მან რამდენიმე წერილი გაავრცელა, რომელიც არჩევნების გაყალბების, ვახტანგ გომელაურის საქმიანობის, აფგან მუხთარლის საქმის და გელა ხვედელიძის ცემის დეტალების გასაჯაროებას ისახავდა მიზნად.

12 აგვისტოს გოგაშვილმა გაავრცელა წერილი სადაც აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისგან მუქარა მიიღო. გოგაშვილის თქმით, გომელაურმა გააფრთხილა, "მათი საუბრის გახმაურების შემთხვევაში, დაუმატებდა პრობლემებს, როგორიცაა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია".


close დახურვა